რუსული ძალები წუხელ უკრაინას 2 რაკეტით და Shahed-ის ტიპის 46 დრონით დაესხნენ თავს. უკრაინელებმა მტრის 38 დრონი ჩამოაგდეს, 3 – დაიკარგა, 2 ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის მიმართულებით და ერთი – რუსეთისკენ გაბრუნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული ყირიმიდან დარტყმა „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს, შავი ზღვის საჰაერო სივრციდან X-31P რაკეტით და Shahed-ის ტიპის 46 დრონი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს. საზენიტო ბრძოლის შედეგად 38 დრონი განადგურდა. გარდა ამისა, უკრაინის კონტროლირებადი საჰაერო სივრცე სამმა დრონმა დატოვა: ერთი – რუსეთის მიმართულებით, ორი კი – ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის მიმართულებით გაფრინდა. მტრის კიდევ 3 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის ტერიტორიაზე ლოკალურად დაიკარგა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა 13 ოლქში: ვინიცაში, კიევში, ჩერნიგოვში, კიროვოგრადში, ნიკოლაევშო, ოდესაში, ხერსონში, ჩერკასში, ასევე სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავას ოლქებში.