თსუ-მ ზესტაფონის მარგვეთი მე-3 პერიოდში გატეხა და საბოლოოდ 100:84 სძლია

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თსუ მოგების რელსებს დაუბრუნდა. წინა ტურში გაუ-სთან განცდილი პირველი მარცხის შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა რეაბილიტაცია შეძლო და სუპერლიგის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი “მარგვეთი” 100:84 (სტატისტიკა) დაამარცხა.
ზესტაფონის გუნდმა წინააღმდეგობის გაწევა მთელი პირველი ნახევარი და მესამე პერიოდის რამდენიმე წუთი შეძლო, რის შემდეგაც კახა ჯინჭარაძის, გიორგი ცინცაძის, ალექსანდრე ფევაძისა და სხვა თსუ-ელების გააზრებულ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირა. უნივერსიტეტელებმა კარგად გამოიყენეს სათადარიგოებიც და მესამე პერიოდში მეტოქე გატეხეს. ეს იმის მიუხედავად, რაც მარგვეთელთა ამერიკელმა უკანახაზელმა, მაიკლ მეისმა სამწუთიან მონაკვეთში გააკეთა. მეისმა ზედიზედ
4 შეტევაში სამქულიანი ჩააგდო, რასაც ორიანიც მოაყოლა და მესამე პერიოდის მე-4 წუთზე ანგარიში თანაბარი იყო – 57:57.
ასეთი რამ იშვიათად ხდება. მარგვეთის ტანმორჩილმა გამთამაშებელმა არასრულ 3 წუთში 14 ქულა მიითვალა, რითაც თსუ-ელთა აღზევება მცირე ხნით დააცხრო. მესამე პერიოდის დარჩენილ 6 წუთში თსუ-მ 26:5 (!) იმარჯვა, რითაც გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია. ამ 26 ქულიდან ყველაზე მეტი – 8 ქულა ალექსანდრე ფევაძემ ჩააგდო, გიორგი ცინცაძემ 5 და ნიკა ჩეჩელაშვილმა – 4.
ბოლო პერიოდის წინ თსუ 21 ქულით – 83:62 იგებდა და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. მართალია, მაიკ მეისმა ისევ გაიბრძოლა თავისი შორი სროლებით, მაგრამ მარგვეთი მეტოქემდე 10 ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდა. თსუ-მ მე-5 გამარჯვება მიითვალა, პასივში კი სუპერლიგაში ყველაზე ნაკლები – 1 მარცხი აქვს და დაკარგული ქულებით ლიდერობს.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. ფევაძის ანგარიშზე 13 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. 11-11 ქულა ცინცაძემ, კემერონ კრენსტონმა და ნოდარ გოგოძემ დააგროვეს. მარგვეთში საუკეთესო, რა თქმა უნდა, მაიკლ მეისი იყო – 37 ქულა, 5 პასი, 4 მოხსნა. 22 ქულა და 15 მოხსნა ტაიშონ კროუფორდის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მე-8 ტურის დარენილი შეხვედრები 3 დეკემბერს გაიმართება: რუსთავი ბათუმს უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისი – კავკასიას.
GBF