ნიკო მანაგაძე, სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანაკლიაში წინასაარჩევნოდ მოქალაქეებთან შესახვედრად იმყოფებიან, რა დროსაც ავტომანქანა დაუზიანეს. ფოტოზე, რომელიც მანაგაძემ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა, ჩანს, რომ მანქანას ლურჯი საღებავი აქვს წასმული და მასზე გაკრულია „ქართული ოცნების“ პლაკატი.
ნიკო მანაგაძე ქმედებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უკავშირებს.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
7 ივნისს აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა.
ნიკო მანაგაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, ვინც ლექციის ჩასატარებლად, თსუ-ში მისულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ე.წ. აგენტების კანონის გამო პროტესტით ხვდებოდა.
„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, პარტიის რეგიონულმა მდივანმა პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ 31 მაისს „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ახლდა ვიდეო. კადრებში ასახული იყო, როგორ ტოვებენ შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების ოფისებსა თუ საცხოვრებელ სახლებთან ადამიანები, რომელთა სახე დაფარულია. ღამის საათებში გადაღებულ ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს შენობებს, ისმის გინება.
„ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა!“ – დიმიტრი სამხარაძის პოსტის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ამ ქმედებების უკან დიმიტრი სამხარაძე დგას.