წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო

კულტურის მინისტრი, აცხადებს, რომ უწყებაში „ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ბაქრაძის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო.
განცხადებაში, რომელსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს, წულუკიანი ამბობს, რომ მისი უწყება ბაქრაძის განცხადებას „ნახმარ სახეეზე“ უყურებს, „პირველ რიგში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილში“. მუზეუმს 2010 წლიდან ხელმძღვანელობს.
„არ ვიცი, ბატონ ლაშას კვლავ რამდენად ახსოვს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ის დღემდე არის ძალიან დიდი ტრადიციების, დიდი გოგლა ლეონიძის სახელობის მუზეუმის პირველი პირი, ხელმძღვანელი პირი. შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილშიც ვუყურებთ ამ განცხადებას. სწორედ ამიტომ ჩვენს შესაბამის სამსახურში გუშინ დაიწყო საქმისწარმოება, რასაც ეწოდება დისციპლინური საქმისწარმოება, რომლის დღევანდელ მასალებს პირადად ჯერ არ ვიცნობ.
როგორც კი გავეცნობი, გვექნება ჩვენი შეფასება, არა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან სოციალური თუ სოციოლოგიური, არამედ უწყებრივი შეფასება, რადგან ბატონი ლაშა არის ჩვენი თანამშრომელი. მას ქაღალდზე უწერია, რა არის მისი უფლება-მოვალეობები, როდის უნდა გამოცხადდეს სამსახურში და როდის უნდა იყოს ადგილზე. რას უნდა აკეთებდეს, რას უნდა ემსახურებოდეს, მათ შორის, მისი ქცევა და მისი განცხადებები. ამიტომ უახლოეს დროში ჩვენი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლაშა ბაქრაძემ 3 სექტემბერს თქვა, რომ მმართველ პარტიას „ნახმარი სახეები“ ჰყავს.
„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, — განაცხადა ბაქრაძემ, როდესაც ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.
მოგვიანებით ბაქრაძე ამბობდა, რომ მისი განცხადება სექსისტური არ ყოფილა, ხოლო საბოლოო ჯამში დაწერა, „არასწორი სიტყვა გამოიყენა“ და ბოდიში მოიხადა, „თუ მისი ნათქვამი არასწორად აღითქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ უგულისხმია“.

ასევე დაგაინტერესებთ