საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოფელ გეგუთში, „ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძე გარდაიცვალებას ეხმაურება და ამბობს:
„ძალიან მძიმე შემთხვევაა. ნაცი და ნაცური ფაშისტური პროპაგანდა კლავს. ისინი ფიზიკურად ახერხებდნენ ამას თავისი მმართველობის პერიოდში და ახლა ხდება ეს სიტყვით.
ამის არაერთი შემთხვევა გვაქვს. მე შემიძლია გავიხსენო (კოლეგები მახსენებდნენ) ფაქტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მსგავსად მოკლა პოლიციელი (თუ სწორად გვახსოვს ყველას). სამგორის რაიონში მოხდა ეს ფაქტი, როცა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და ეს პოლიციელი გარდაიცვალა ადგილზე (თუ სწორად გვახსოვს). 2020 წელს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, აი, ამ ფაშისტური, ნაცური ერთკვირიანი ბულინგის შედეგად გარდაიცვალა. კადრები ვნახეთ უმძიმესი და შეიძლება ეს კაციც შეგეცოდოს, ვინც ეს ბულინგი განახორციელა. ღირსება ქართველი კაცისთვის არის მთავარი რამ. ეს სლოგანში კი არ არის მარტო ასახული, ადამიანის გულსა და სულშია. ამ პროპაგანდის მსხვერპლმა შეურაცხყოფა მიაყენა ამ ადამიანს, ეს ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით ადგილზე. ყველას უნდა ახსოვდეს, პოლიტიკოსი იქნება თუ ჟურნალისტი, როდესაც ასეთი პროპაგანდის ავტორია, შემდეგ ამ პროპაგანდას გავრცობა მოჰყვება საზოგადოებაში და ადამიანი შეიძლება ღირსების შელახვის გამო გულის შეტევით გარდაიცვალოს. ცოტა უნდა დავფიქრდეთ ყველა, რისთვის ვკლავთ ერთმანეთს. ნაცური პროპაგანდა კლავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქართული ოცნების თქმით, წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა.