ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტმა მე-2 მოსმენით მიიღო

4 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, 81 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მიიღეს „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტი 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.
კენჭისყრას წინ უძღოდა კანონპროექტთა პაკეტის მუხლობრივი განხილვა. განხილვაში ოპოზიციიდან მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ მონაწილეობდა, რომლის წევრი ჰერმან საბო დაინტერესდა, როგორ აიცილოს თავიდან ტელევიზიამ ის რომ არ დაარღვიოს ეს კანონი და არ გაეპაროს ეთერში ერთნაირსქესიანთა და ინცესტის სექსუალური კონტენტი?
კანონპროექტის მომხსენებელმა თენგიზ შარმანაშვილმა საბოს უპასუხა, რომ არსებობს მეთოდოლოგია ასეთი ინტიმური ურთიერთობის სცენის ამოჭრის და მისი დამუშავების.
„რა თქმა უნდა, ფილმის შინაარსი არ შეიცვლება, უბრალოდ ეს სცენა… ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს და რა თქმა უნდა, ტელევიზიებმა ეს უნდა გააკეთონ“, – თქვა მან. საპასუხოდ ჰერმან საბომ ირონიულად შენიშნა: „გასაგებია, როგორც ჩანს, ტელევიზიებს ექნებათ ვალდებულება, რომ სექსის სცენები ამოჭრან ან შავი კვადრატები დაადონ. გილოცავთ, „კარგი იქნება“ შავი კვადრატებით სექსის სცენების ნახვა“.
„გირჩის“ კიდევ ერთი წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი არის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტი. მისი შეფასებით, „სინამდვილეში პრობლემა, რომელიც ამ კანონში არის აღნიშნული, საქართველოში არ არის რელევანტური“.
„გირჩის“ განცხადებით, ქალი და კაცი არის გენეტიკური მახასიათებელი თუ ეს ასეა, მაშინ მისი შეცვლა შეცვლა შეუძლებელია. „მუხლი სამედიცინო მანიპულაციასთან დაკავშირებით. აზრს მოკლებული ხდება“, – თქვა მეგრელიშვილმა და დაამატა, რომ ასეთი ტიპის მანიპულაციები აკრძალული იყოს არასრულწლოვანების მიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა. მან „გირჩს“ მადლობა გადაუხადა განხილვაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ ისინი საფრთხეს ნაწილობრივ მაინც იზიარებენ.
ამასთან, პაპუაშვილმა ნაწილობრივ გაიზიარა „გირჩის“ განცხადება, რომ „სქესის შეცვლა ბიოლოგიურად შეუძლებელია“. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ დაამატა: „სქესს აქვს, როგორც ბიოლოგიური, ისე სამართლებრივი (თუ სოციალური) განზომილება. აღმოჩნდა რომ ბოლო ტენდენციებით ერთი და იგივე არ არისო. სამართლებრივად შეიძლება, მსოფლიო სამართლებრივი ტრენდებით შეიძლება, ადამიანმა მიაკუთვნოს სხვა სქესს თავი… ამიტომ საქართველოში სხვა სქესისადმი მიკუთვნება [სამართლებრივად] ვეღარ განახორიელედება“.
პარლამენტის პლენარულ სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა. მათ „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული.
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა და ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამას წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება.
ეს კანონი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განცხადებებისა და 2024 წლის საპარლამენტო ს წინ საარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზია. კანონპროექტის დამტკიცებას მმართველი პარტია, საშემოდგომო სესიაზე სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.
პროექტი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ – დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა არ გააგრძელონ მასზე მუშაობა.
„ქართული ოცნებს“ ამ საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტიც აქვს წარდგენილი, თან ისე, რომ მის მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს. ის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობით აირჩევენ, მაშინ შეძლებს, მაგალითად, „სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება“ [კონსტიტუციური კანონის პროექტი, მუხლი 1, პუნქტი 4].
კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში აიკრძალება „იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის არარაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“ [კონსტიტუციური კანონის პროექტი, მუხლი 1, პუნქტი 7].