შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტ დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო უკანასკნელ წლებში სწრაფად ვითარდება. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას აზიისა და ევროპის გასაყარზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობაზე პარლამენტებს შორის, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების სფეროებში.
„ამასთანავე, მხარეებმა დადებითად შეაფასეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) გასულ წელს საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება და ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს.
შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორ ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემის, საპარლამენტო საქმიანობისა და საარჩევნო პროცესების შესახებ.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ