ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული ბადრაგი | გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და პრობლემები სისტემაში

ავტოკატასტროფას, რომელსაც ბადრაგი ემსხვერპლა ოჯახის წევრები გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს უკავშირებენ. როგორც ყვებიან პერსონალის სიმცირის გამო სხვებს უწევთ შეუსვენებლად მუშაობა.
სავარაუდოდ ასე იყო იმ საბედისწერო დღესაც, როდესაც რამდენიმედღიანი მორიგეობის შემდეგ ქუთაისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ნოემბერს მოხდა. ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი გარდაიცვალა რამდენიმე კი დაშავდა. მაშინ არ გავრცელებულა, თუმცა დღეს ცნობილია რომ ავარიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები ემსხვერპლნენ.
რამაზ კონჯარია ერთერთ ავტომობილს მართავდა. ის ქუთაისის მეორე პენიტენციური დაწესებულების ბადრაგი იყო.
რამაზ კონჯარიას მამა “მთავარ არხთან” საუბარში ყვება, რომ მისმა შვილმა მუშაობა 6 თვის წინ დაიწყო. ირკვევა, რომ ბადრაგს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება გადაბმულად, მთელი კვირის განმავლობაში უწევდა, რაც ხშირად 24 საათიან მორიგეობასაც ითვალისწინებდა.
მამა იხსენებს, რომ საბედისწერო შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, რამაზი ღამის ცვლაში მუშაობდა და მეორე დღეს უკან არ უნდა დაბრუნებულიყო. ეს აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ავარია გადატვირთული გრაფიკით გამოწვეულ გადაღლილობას გამოეწვია.
“მთავარის” ინფორმაციით ტრაგიკული შემთხვევიდან მეორე დღეს, დაღუპულ ბადრაგს ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებიდან, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პატიმრები უნდა გადაეყვანა. შემთხვევის შემდეგ კი მსჯავრდებულების ეტაპირება პენიტენციურმა სამსახურმა ვეღარ უზრუნველყო. სასამართლო იძულებული გახდა, პროცესზე პატიმრები დისტანციურად ჩაერთო. პენიტენციურმა დაწესებულებამ ფაქტი, ტექნიკური ხარვეზის არსებობით განმარტა.