პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ევროპაზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ლოზუნგები ყალბია.
როგორც მანდ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობაში ყოფნის ბოლო საშემოდგომო სესიაა.
„აქ ვისმენდით იმ განსხვავებული საქართველოს შესახებ, რომელიც არ არსებობს და ისეთივე ყალბია, როგორიც თქვენი ლოზუნგები საარჩევნოდ. არჩილ თალაკვაძე, რომელიც საუბრობდა ღირსებით ევროპაზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, რამდენად ყალბია, ამაზეც მინდა ვისაუბრო. ასევე, ნინო წილოსანის განცხადებაზე, სადაც ცდილობდა აეხსნა რამდენად კარგი და სიკეთის მომტანია ქვეყნისთვის პარტიების გაუქმება. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ავტორიტარიზმის ნაბიჯია და ეს ძალიან კარგად იცით. როცა საუბრობთ მშვიდობაზე, როცა საუბრობთ ევროპაზე, ამ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებით, თქვენ თვითონ თქვით უარი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე; თქვენ თვითონ თქვით უარი სუვერენიტეტზე, რომელსაც ახლა კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აყენებთ. თქვენ თვითონ თქვით რეალურ ნამდვილ მშვიდობაზე უარი, იმით, როდესაც თქვენ ერთის მხრივ დასავლეთი მტრად გამოაცხადეთ, ოკუპანტ რუსეთთან საქართველოს მარტო ტოვებთ და საკუთარ ხალხს უცხადებთ ომს იმ განცხადებებითა და ქმედებებით, რომელსაც ამდენი ხანია ქართველი ხალხი ისმენს. ამიტომ ის ილუზიები, რომელსაც თქვენ სთავაზობთ ხალხს, ყალბია. ამასთან დაკავშირებით პასუხს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან აუცილებლად მიიღებთ. დაგარწმუნებთ და გეტყვით, რომ ეს ბოლო საშემოდგომო სესიაა პარლამენტში, როცა თქვენ გაქვთ უმრავლესობა და ამას აუცილებლად ნახავთ 26-ში“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.