ნავთობმზიდზე, რომელზეც გასულ კვირას წითელ ზღვაში იემენელმა ჰუთებმა თავდასხმა განახორციელეს, ახალი თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ რადიოსადგური “ამერიკის ხმა” იუწყება.
ხუთშაბათს, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუთებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ისინი ასაფეთქებელ ნივთიერებებს დებენ წითელ ზღვაში საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ “სუნიონის” გემბანზე. ვიდეოზე მინიმუმ გემზე ექვსი ერთდროული აფეთქება ჩანს, რამაც ნავთობის შესაძლო დაღვრა გამოიწვია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ჰუთების ახალ ვიდეოზე.
ტანკერ “სუნიონს” დაახლოებით ერთი მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა. ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების (UKMTO) ოფისის თანახმად, ჰუთები ტანკერს პირველად თავს 21 აგვისტოს, მსუბუქი იარაღის, ჭურვების და უპილოტო ნავის გამოყენებით დაესხნენ, რამაც გამოიწვია ხანძარი და გაანადგურა ძრავა,
ეკიპაჟის 25 წევრი გადაარჩინა და ჯიბუტიში გადაიყვანა ფრანგულმა გამანადგურებელმა, რომელიც ევროკავშირის ოპერაციის ფარგლებში წითელ ზღვაში მოქმედებდა.
სამშაბათს, პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაზიანებული ტანკერის გადასარჩენად ორი საბუქსირე ხომალდი გაგზავნა, მაგრამ მათ ჰუთები დაიმუქრნენ, რომ თავს დაესხმოდნენ მათ. ოთხშაბათს, არაბულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუთები დათანხმდნენ, რომ “ჰუმანიტარული და გარემოსდაცვითი კომპონენტების გათვალისწინებით” წითელ ზღვაში ცეცხლის ალში გახვეული ბერძნული ტანკერის გადასარჩენად სამაშველო გემებს დაუშვებდნენ.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს დრონებით და რაკეტებით თავს ესხმის 2023 წლის ნოემბრიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ.
ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება, სანამ ისრაელი ომს არ შეწყვეტს.
ჰუთების წინააღმდეგ მოქმედებს საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. წითელ ზღვაში ნაოსნობის დასაცავად თავისი ძალები გაგზავნა ევროკავშირმაც.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 15% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.