ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, როგორ დაიბეგრება ენერგეტიკულ ბირჟაზე განხორციელებული ოპერაციები.
6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რაც დღით ადრე და დღიურ ბაზარზე ელექტროენერგიით ნებაყოფლობით რეჟიმში ვაჭრობის შესაძლებლობას გულისხმობს.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამ ოპერაციების დაბეგვრისთვის ამოქმედდა სპეციალური ინსტრუქცია, რომელიც შემდეგ პირობებს ადგენს:
“გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატა კარი VII6 “ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე (ბირჟაზე ) ელექტროენერგიით ვაჭრობის და მასთან დაკავშირებული საქმიანობის გადასახადებით დაბეგვრა და საგადასახადო ანგარიშგება”. ცვლილება განაპირობებულია „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს N46 დადგენილებით დამტკიცდებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების“ სათანადო ნორმების ამოქმედებით (ამოქმედების თარიღი 2024 წლის 1 ივლისი).
VII6 კარი განსაზღვრავს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტების მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების, სააღრიცხვო დოკუმენტაციის/პირველადი საგადასახადო დოკუმენტების წარმოების და სათანადო ანგარიშგების პროცედურულ დებულებებს .
განხორციელებული ცვლილებით განისაზაღვრა რომ ბირჟის ოპერატორი განიხილება ელექტროენერგიის მიწოდების სამეურნეო ოპერაციის მხარედ და შესაბამისად, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სხვა სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის გაყიდვისას წარმოადგენს ელექტროენერგიის მყიდველ დასაბეგრ პირს (მიმღებს), ხოლო ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვისას -ელექტროენერგიის გამყიდველ დასაბეგრ პირს (მიმწოდებელს).
ცვლილებით ასევე განისაზღვრა, რომ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ბირჟის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისას, ბირჟის ოპერატორი არ წარმოადგენს საბოლოო მომხმარებელს და არც საკუთარი მოხმარებისთვის ახორციელებს ელექტროენერგიის შეძენას. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოცემული ოპერაცია გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით.
ცვლილება ადგენს ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის ყიდვისას, ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის წესებს
ამასთან ბირჟის ოპერატორის მიერ გაწეული ის მომსახურება, რომელზეც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილია მომსახურების საფასური, ითვლება საბოლოო მომხმარებელზე გაწეულ მომსახურებად და იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ცვლილების მოქმედება ვრცელდება 2024 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
bm.ge