ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.რ.-მ და გ.კ.-მ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის – გ.ზ.-ს ოჯახის წევრს, თითქოსდა მისი გათავისუფლების და შემდგომში შეღავათების გავრცელების სანაცვლოდ, მოტყუებით 10 000 ლარი გამოართვეს.
„შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა გ.რ.-ს და გ.კ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს საზოგადოებას, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ პროკურატურას. საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული