საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის თქმით, ქართული ოცნების განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “უზარმაზარ ზიანს აყენებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას”.
გოჩა ჯავახიშვილის თქმით, ქვეყნის სამართლიან სტრატეგიას, რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი – “ეფემერული პოლიტიკური ეფექტის” ეშხით გაკეთებული განცხადებები აბათილებს.
“სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დებატებიც მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ახლა რუსეთი, გაეროში “ჩვენს პოზიციებს” იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენდამი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს.
ეს გახლავთ აგვისტოს ომის 4 წლისთავზე პუტინთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ Le Figaro ში გამოქვეყნებული სტატია. პუტინმა ამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლის წინ იყო დაგეგმილი. აი, პასუხი, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს. და მანამდე ომი არ ჰქონდა რუსეთს ჩვენთან?
გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია, (სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ დაადასტურა და ჩვენც ხომ ვიცით) რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს “ეფემერული პოლიტიკური ეფექტის” ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.