პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი მამუკა ჯანგულაშვილი გაათავისუფლეს.
პრემიერმინისტრის ბრძანება ჯანგულაშვილის გათავისუფლების შესახებ 14 აგვისტოთი თარიღდება.
დღეს, 15 აგვისტოს, კობახიძე ბიუროს ახალ ხელმძღვანელსაც შეხვდა. ამ პოზიციაზე გიორგი თვაური დანიშნეს, რომელიც აქამდეც ხელმძღვანელობდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2013-2019 წლებში.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის — ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის — ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან“, — წერია კობახიძის ჯანგულაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში.
ჯანგულაშვილის გათავისუფლების მიზეზი ცნობილი არ არის. ის ბიუროს ხელმძღვანელად 2021 წლის მარტში, ორიოდე კვირაში დაინიშნა მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი მეორედ დაიკავა.
გიორგი თვაური ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო.
„გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი“, — წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.