გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ბათუმში ხელოვნური კუნძულის აშენებისთვის საჭირო გარემოსდაცვითი ნებართვა მისცა. სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა ბრძანება დღეს, 14 აგვისტოს, გამოსცა.
პროექტის ინვესტორი „ამბასადორი“ ჯგუფია, რომელსაც სურს ბათუმში, რკინიგზის სადგურთან, შავი ზღვის აკვატორიაში, ხელოვნური კუნძული ააშენოს. ინვესტიციის საერთო ღირებულება 100 მილიონი დოლარია.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი 2 აგვისტოს შეაჩერა. გადაწყვეტილებას თან ერთოდა ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანიის, „ტერმინალ 1-ის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგი და კომპანიის დირექტორის წერილი, რომლის მიხედვითაც, „ქაოტური მშენებლობით“ საფრთხე შეიძლება შეექმნას ტერმინალში შემავალ გემებს.
„ამბასადორი ბათუმი აილენდისგან“ ინტენსიურად და ქაოტურად მიმდინარეობს ინტენსიური მასალების ჩაყრა შპს „ტერმინალ 1-ის” ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე“, – ეწერა კომპანია „ტერმინალ 1-დან“ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის 22 ივლისს გაგზავნილ წერილში.
წერილს თან ერთვის კომპანია „ანკორ ინჟინერინგის“ მომზადებული პირველადი შეფასება ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ დასკვნის მიხედვით, კუნძულის აშენების შემთხვევაში, უსაფრთხოების მიმართულებით რამდენიმე საკითხი იჩენს თავს:
· არხი, რომლის გავლითაც „ტერმინალ 1-ში“ გემები შედიან, 40 მეტრით იქნება დაშორებული ხელოვნური კუნძულიდან;
· გემისთვის საჭირო მოსაბრუნებელი სივრცე პატარავდება;
· გემი მით უფრო უსაფრთხოდ დგას, რაც უფრო სიღრმეშია ღუზა ჩაშვებული – ნაპირის გასამაგრებელი სამუშაოების შემდეგ შესაძლოა დინებამ, ტალღამ ან ქარმა ღუზა მოწყვიტოს;
· სამომავლოდ იგეგმება ტერმინალის გაღრმავება, რამაც შეიძლება დააზიანოს კუნძული;
· კუნძულის ნაპირების გასამაგრებლად აუცილებელია მისი ქანობები იყოს ციცაბო, ტერმინალში შესული გემის ღუზის მოწყვეტის შემთხვევაში კი მისი დაზიანების საფრთხე ჩნდება.