ახლა უკრაინამ იგივე გააკეთა, რაც ომის პირველ კვირებსა და თვეებში: ხელში ჩაიგდო ინიციატივა და დაიწყო სიტუაციის საკუთარ ინტერესებში დაბრუნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ, უკრაინელებს, შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ჩვენი დამოუკიდებლობა და ეს ასე იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ფრონტის თითოეულ მიმართულებას, განსაკუთრებით კურსკის ოლქს, და შესაბამისად, სასაზღვრო ტერიტორიის დაცვას დიდი ყურადღება ექცევა.
„რაც უფრო მეტად განადგურდება რუსეთის სამხედრო ყოფნა სასაზღვრო ტერიტორიებზე, მით უფრო მოუახლოვდება მშვიდობა და და რეალური უსაფრთხოება ჩვენს სახელმწიფოს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა და აგებს კიდეც“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოდან უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას ახორციელებენ. გუშინ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა კურსკის ოლქის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.