სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუ სხვა ინსტიტუციები საქართველოში აფინანსებენ არა დემოკრატიის ფესტივალს, არამედ “დემოკრატიულ” ჰელოუინს , – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „დემოკრატიის ფესტივალზე” საუბრისას განაცხადა.
„ამის თქმის უფლებას მაძლევს იქ გამოფენილი ბანერები და არსებული ანტურაჟი. თქვენ ნახეთ როგორი მხარდაჭერილიც იყო ეს ე.წ. ფესტივალი, იდგნენ მარგინალები და ერთმანეთის პავილიონებში გადადი-გადმოდიოდნენ, – დასძენს ის.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევაა და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„ასეთი „პოლიტიკური სეირნობების” მოწყობის დაფინანსება თუ სურთ ზოგიერთ ინსტიტუციებს, რაც საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევაა, მაშინ უნდა იცოდნენ კიდეც, რომ ჩვენ მათ არ ვაღიარებთ, როგორც სამართლიან და მიუკერძოებელ მსაჯულებს არჩევნების შემდგომ და ამის ყველანაირი მორალური და სამართლებრივი უფლებაც გვექნება”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.