უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმისას, წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს და ეს იყო მორიგი მიზანმიმართული ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ.
„წუხელ, კიევის ოლქში, სამწუხაროდ, მამა და პატარა ვაჟი გარდაიცვალნენ – ბავშვი ოთხი წლის იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 12 წლის ბიჭი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მხოლოდ ამ ერთ კვირაში რუსეთის არმიამ უკრაინას 30-ზე მეტი რაკეტით და 800-ზე მეტი მართვადი ავიაბომბით დაარტყა.
„უკრაინელები მადლიერები არიან ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და საბრძოლო თვითმფრინავებით, მაგრამ რუსული ტერორის ჭეშმარიტად შესაჩერებლად, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ სრულფასოვანი საჰაერო ფარი, რომელიც დაიცავს ჩვენს ყველა ქალაქს და თემს, არამედ პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილებები – გადაწყვეტილებები, რომლებიც მოხსნის შეზღუდვებს ჩვენს თავდაცვით ქმედებებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.