შვეიცარიაში მყინვარები სწრაფად დნება

ვირუსულად გავრცელდა შვეიცარიაში დასასვენებლად მყოფი ბრიტანელი წყვილის ფოტოები, რომლებშიც ასახულია მყინვარების დნობის შედეგი.
დუნკან პორტერი, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი და მისი მეუღლე, ჰელენი, მედდა ბრისტოლიდან, პირველად რონის მყინვარს 2009 წლის აგვისტოში ეწვივნენ და თავიანთი მოგზაურობა ფირზეც აღბეჭდეს.
ისინი 15 წლის შემდეგ ისევ ჩამოვიდნენ თავიანთ მოზარდ შვილებთან ერთად, რათა იმავე ადგილას გადაეღოთ ფოტოები, თუმცა ამჯერად მკვეთრად განსხვავებული ხედი დახვდათ.
„სიმართლეს გეტყვით, ტირილი დავიწყე“, – თქვა პორტერმა, რომელმაც პლატფორმა იქსზე გააზიარა ორი ფოტო, რომლებსაც უკვე 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ფოტოებზე ჩანს, როგორ დადნა თეთრი ყინულის უზარმაზარი მასა. შესაბამისად, გამოჩნდა ტბა და კლდოვანი ნაცრისფერი გრუნტი, რომელიც მთის წინაა გაშლილი. მკვეთრმა კონტრასტმა ხალხის ყურადღება მიიპყრო, რადგან ყველა აშკარად ხედავს კლიმატის კრიზისის შედეგებს.
რამდენად სწრაფად დნება ევროპის მყინვარები?
ევროპა მსოფლიოს ერთ-ერთი კონტინენტია, რომელიც ყველაზე სწრაფად თბება. ტემპერატურა ახლა 2.3 გრადუსით მეტია პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე, გლობალურ ტემპერატურაზე კი 1.3-ით მეტი.
ტემპერატურის მატება წიაღისეული საწვავის გამოყენებითაა გამოწვეული, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ცივ რეგიონებზე, მათ შორის მყინვარებზე.
შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიისა (SCNAT) და Glacier Monitoring Switzerland-ის (მყინვარის მონიტორინგის სამსახურის) (GLAMOS) მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ორ წელიწადში შვეიცარიაში ყინულის საფარის დაახლოებით 10 პროცენტი დადნა. 2000 წლიდან კი შვეიცარიის მყინვარების მთლიანი მოცულობის მესამედია გამქრალი.
საფრთხე ემუქრებათ ავსტრიისა და იტალიის მყინვარებსაც.
წინა კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მყინვარების ნახევარი საუკუნის ბოლომდე გაქრება, მაშინაც კი თუ გლობალური დათბობა 1.5 გრადუსამდე შენარჩუნდება. თუმცა თუ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ კლიმატის დასაცავად, სხვა მყინვარების გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
„როდესაც ადამიანი ასეთ რამეს ხედავს, თავს საკმაოდ უმწეოდ გრძნობს”, – განუცხადა პორტერმა დიდი ბრიტანეთის გაზეთ Guardian-ს.
„მაგრამ, ჩემი გამოცდილებით, ბევრი რამის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია”, – აღნიშნა ერთ-ერთმა ბრისტოლელმა ველომოყვარულმა, რომელიც ამავე დროს კლიმატის ცვლილების კვლევითი კომიტეტის წევრიცაა.
შვეიცარიის ალპებში მყინვარებს გადაფარეს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მიზნით, – ამის შესახებ იუწყება ონლაინპლატფორმა “კაქტუსი”.
ცნობისთვის, შვეიცარიის ალპებში მყინვარები გარედან დაფარეს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი მასალა. მყინვარის “საბანი” მჭიდრო საწმისისგან არის მომზადებული, რომელიც, ერთი მხრივ, თერმულად იცავს მყინვარს და მეორე მხრივ, აირეკლავს მზის სხივებს.
წყარო: euronewsgeorgia