ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები განაახლა

ისრაელის არმიამ პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ დაადანაშაულა დროებითი პაუზის პირობების დარღვევაში და დღეს დილით ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავის მოქმედების ვადა დღეს, 1 დეკემბერს ადგილობრივი დროით 07:00 საათზე იწურებოდა და ვრცელდებოდა ცნობა ზავის შესაძლო გაგრძელების შესახებ, თუმცა, ჯერ კიდევ ვადის ამოწურვამდე, ს მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეტევა მოიგერია.
სააგენტო AFP-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ისრაელის არმიამ განაახლა ღაზის სექტორზე ავიადარტყმები და საარტილერიო შეტევა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ღაზის სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული მძევლების, ძირითადად ქალების და ბავშვების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გაშვებას და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე. 30 ნოემბერს დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით, 1 დეკემბრის 07:00 საათამდე გაგრძელდა. 30 ნოემბერს „ჰამასმა“ 8 მძევალი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელმა – 30 პალესტინელი პატიმარი.
7-დღიანი ჰუმანიტარული პაუზის პერიოდში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 100-ზე მეტი მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 240-მდე პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში 240-მდე მძევალია.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასის” მიერ მართულ ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – კონკრეტულად ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება