“75% უცხოელ ვიზიტორებზე მოდის”, – ამის შესახებ “უინდემ გრანდ თბილისის” გენერალურმა მენეჯერმა, მედეა კობახიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სასტუმროს დატვირთულობაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი ინფორმაციით, საქართველოში ლიდერ პოზიციას ისრაელელი ტურისტები იკავებდნენ, თუმცა გეოპოლიტიკური მდგომარეობის და ისრაელში მიმდინარე პროცესების გამო, ადგილობრივები მოგზაურობისგან თავს იკავებენ. შესაბამისად, მათ ძირითადად აზიური ქვეყნების წარმომადგენლები ანაცვლებენ.
„ყოველთვის ლიდერობდნენ ტურისტები ისრაელიდან, თუმცა წელს მათი რაოდენობა საქართველოში შემცირებულია, რაც მათ ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესებმა განაპირობა. ყველა თავს იკავებს მოგზაურობისგან, გარდა აუცილებელი საჭიროებისა. ისრაელი საუდის არაბეთმა ჩაანაცვლა, ამასთან გააქტიურებული არიან აზიური ქვეყნები. თანაც, ქვეყნის სწორებაც ინდოეთის და ჩინეთის ბაზრებზეა. პირდაპირი რეისების დანიშვნა კი, პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყანაში იმ ქვეყნის მოქალაქეების მატებაზე.
ბაზარზე ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მომატებულია. ჩვენ სასტუმროში ნაკლებად არიან ჩინელები, უფრო ინდოელი სტუმრები ჭარბობენ, თუმცა სავარაუდოდ სხვა სასტუმროებში არიან გადანაწილებული“,- აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
მედეა კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მაღალ მხარჯველუნარიანი ინდოელი ვიზიტორები სტუმრობენ, რასაც სავიზო პირობებიც განაპირობებს.
„ინდოეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა დონის და ფენის წარმომადგენელი ცხოვრობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტები გვყავს ინდოეთიდან, რადგან სავიზო პირობებიც ისეთია, რომ მხოლოდ შემოსავლის მქონე, კულტურულ და საინტერესო ხალხს აქვს მოგზაურობის შესაძლებლობა. ჩვენთან ინდოეთი სტუმრები სიჭარბით დაახლოებით მეოთხე ადგილს იკავებს. ძალიან ბევრი ამერიკელი, ევროპელი სტუმრები გვყავდნენ. ევროპელები ძირითადად ჯგუფები იყვნენ. ძირითადად, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ლიდერობდა“,- აცხადებს მედეა კობახიძე.
ინფორმაციისთვის, II კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 1 მილიარდ 91 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება. პანდემიამდელი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 24%-ია. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემები ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.
II კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, 209 მილიონი დოლარის შემოსავალი რუსეთიდან მიიღო. ევროკავშირის ქვეყნებიდან და გაერთიანებული სამეფოდან კი ჯამურად 138 მილიონი დოლარი შემოვიდა.