ბაიდენი: იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სალომე ზურაბიშვილს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
წერილში ბაიდენი აღნიშნავს, რომ ხედავს კრემლის მუდმივ მცდელობას, იქ მცხოვრები მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე.
ასევე, როგორც წერილშია ნათქვამი, შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
“ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო,
მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, ს შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე.
ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია ბაიდენის წერილში.
აშშ-ის პრეზიდენტი რუსული კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით.
“მინდა ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. 32 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს”, – წერს წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავალთ

ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეცვლა, რომ მაქსიმალურად დაეჩრდილათ მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთება- გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი 12 წლის განმავლობაში, ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის