ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მემორიალთან საპატიო ყარაულს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე და მეექვსე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები წარმოადგენდნენ.
,,ზუგდიდიდან პატივს მივაგებთ 2008 წლის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას, ჩვენი ქალაქიდან ომს 4 ახალგაზრდა ჯარისკაცი შეეწირა. ზოგადად, 2008 წლის მოვლენები არის ერთ-ერთი ტრაგიკული ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, რომელსაც შეეწირა ასეულობით როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი. ეს მოვლენები გვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ არ დაირღვეს მშვიდობა და მსგავსი არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მადლობას ვუხდი თავგანწირვისთვის”, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
აგვისტოს ომს ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან 4 კაპრალის ბადრი ბერანძის, დავით ჯიქიას, სერგეი გოროზიასა და კობა სერგიას სიცოცხლე შეეწირა. ზუგდიდის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს, ზუგდიდის მერია, წელიწადში ერთხელ 1000 ლარს ურიცხავს.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბადრი ბერანძის საფლავზე იმყოფებოდნენ.