ბირობიჯანის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი პიანისტის, პაველ კუშნირის ცხედარი დამკრძალავ სააგენტოს გადაეცა. 8 აგვისტოს ქალაქის ერთ-ერთ დამკრძალავ დაწესებულებაში გაიმართება გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოხდება მუსიკოსის ცხედრის კრემაცია. ამის შესახებ განაცხადა გარდაცვლილი პიანისტის მეგობარმა ოლგა შკრიგუნოვამ.
სოცქსელში გამოქვეყნებული თავისი პოსტის კომენტარებში მან თქვა, რომ კუშნირის ფერფლი გადაეგზავნებათ მის ნათესავებს ტამბოვში, მუსიკოსის მშობლიურ ქალაქში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახლობლები ცდილობდნენ თანხის შეგროვებას ცხედრის გადასატანად.
კუშნირი ივლისის ბოლოს გარდაიცვალა ბირობიჯანის წინასწარი დაკავების იზოლატორში მშრალი შიმშილობის შედეგად. ის 39 წლის იყო. პიანისტი მაისის ბოლოს დააკავეს ომის საწინააღმდეგო ვიდეოების გამო, რომლებიც მან YouTube-ში გამოაქვეყნა საკუთარ არხზე „უცხოეთის აგენტი მალდერი“, რომელსაც მაშინ ხუთი ხელმომწერი ჰყავდა. კუშნირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ტერორისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდების მუხლით.
პიანისტი პაველ კუშნირი გაიზარდა ტამბოვში და დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორია. შვიდი წლის განმავლობაში სოლისტად მუშაობდა კურსკის რეგიონულ ფილარმონიაში, შემდეგ სამი წელი – კურგანის ფილარმონიაში. 2012 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ბოლოტნაიას მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციებში, რომლებიც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ იყო მიმართული. მოგვიანებით ის პიკეტებზე გამოდიოდა ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის წინააღმდეგ. 2022 წელს კურგანში კუშნირმა ომის საწინააღმდეგო ბროშურები დაწერა და გამოაქვეყნა. 2023 წელს გახდა ბირობიჯანის რეგიონული ფილარმონიის სოლისტი.