საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ, ხოლო შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ წესრიგს.
“ჰელსინკის ფინალური აქტის ფუნდამენტური პრინციპები და ძირითადი დებულებები გამუდმებით და უხეშად ირღვევა – მაშინ როდესაც ეუთო მის მე-50 წლისთავს უახლოვდება. 2008 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ამის შემდეგ, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომმა საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და რეგიონის უსაფრთხოებას. ამას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანს გადასახლება მოუწია”. – თქვა მან.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ისაუბრა. მან ახსენა 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ თამაზ გინტურის მკვლელობა და აღნიშნა, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან ქართველების წინააღდეგ “ძალადობის კიდევ ერთი აქტი”.
ბოლო დროს საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მისსავე სოფლის, კირბალის სიახლოვედ, გორის მუნიციპალიტეტში არის ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი ძალადობრივი აქტი”. – თქვა დარჩიაშვილმა.
გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული მიდგომის მნიშვნელობას, რაც დარჩიაშვილის თქმით, აუცილებელია, რათა რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალები გაიყვანოს და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ წესრიგს პატივი სცეს.