15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების ხელფასი 35%-ით ნაკლებია, ყველა დასაქმებულის საშუალო ხელფასზე – PMCG

2020-2023 წლებში 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები, საშუალოდ, 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებდნენ, ვიდრე 15+ ასაკის მოსახლეობა – ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის “ახალგაზრდების დასაქმება საქართველოში” კვლევაშია საუბარი.
კვლევის თანახმად, ახალგაზრდების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლიდან 2023 წლამდე ₾818-დან ₾1558-მდე გაიზარდა, თუმცა ის ჩამორჩება ყველა დასაქმებულის საშუალო თვიურ ანაზღაურებას, რომელიც ანალოგიურ პერიოდში ₾1191-დან ₾1858-მდე გაიზარდა.
„[ხელფასებში სხვაობას] რასაც შესაძლოა იწვევდეს ის, რომ ახალგაზრდები, ძირითადად, საწყის პოზიციებზე საქმდებიან, რომლებიც, როგორც წესი, ნაკლებანაზაურებადია”, – ნათქვამია კვლევაში.
ახალგაზრდების საშუალო ხელფასი ასაკთან ერთად იზრდება და, თუ 15 წლის დასაქმებულების საშუალო თვიური ანაზღაურება ₾692-ია, 24 წლის ასაკში ის ₾1971-ს აღწევს.
ზრდა ყველაზე შესამჩნევი (+24%) 18 წლის ასაკში ფიქსირდება, როდესაც ადამიანს სრულ განაკვეთზე დასაქმების უფლება ენიჭება.
„ასევე, ხელფასის ზრდა მჭიდრო კავშირშია უმაღლესი განათლების საფეხურების ზრდასთან: 22 წლის ახალგაზრდების საშუალო ხელფასი ემთხვევა ახალგაზრდების საერთო საშუალოს, ხოლო 24 წლისთვის – აღემატება 15+ ასაკის მოსახლეობის საშუალო ხელფასს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ