ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში – ბოკერია

გიგა ბოკერია ევროპული საქართველოს თავმჯდომარის პოსტს და პარტიას ტოვებს. მისი თქმით, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით. კერძოდ, მ სია N2-ს დაუჭირა მხარი, რომლის პირველი ნომერი იყო.
გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა, მათ შორის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა და გენერალურმა მდივანმა კაკო ბობოხიძემ გადაწყვიტა არჩეული კურსიდან გადახვევა და “სწორედ ამიტომ, მათი გზები აქ იყოფა”.
“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ევროპულ საქართველოში შიდაპარტიული პრაიმერიზი დასრულებულია – ჩემი აზრით, ყველა ხარვეზის მიუხედავად, ეს იყო უაღრესად დადებითი პროცესი – წინასწარრეგისტრირებულმა დელეგატებმა აირჩიეს პარტიის საპარლამენტო სია, რაც ძალიან იშვიათი პრეცენდენტია ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. კონკურენცია იყო საკმაოდ მწვავე, რაც რეალური პრაიმერიზისთვის სრულიად ნორმალურია. თუმცა, სამწუხაროდ, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით. კერძოდ, მე მხარი დავუჭირე პრაიმერიზში მონაწილე იმ გუნდს, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და პარტიის ახალი შინაარსის შექმნაში, რამაც ევროპული საქართველოს მხარდაჭერა საგრძნობლად გაზარდა და ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებითაც დასტურდება. ამას გარდა, აზრთა არსებითი სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, თუ ვის უნდა ჰქონოდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება. ჩემი პოზიციით, და პარტიის თავდაპირველი შეთანხმებით, ეს მხოლოდ იმ პირებს უნდა შეძლებოდათ, ვინც არ ერიდება ევროპული საქართველოს მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირებას. სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, რომლებსაც არ სურდათ ევროპული საქართველოს მკაფიო, საჯარო მხარდაჭერა. ამ ყველაფერმა პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის, დაისვა თავმჯდომარის ანუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ევროპული საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია “ხმების გაფლანგვის და რეჟიმისთვის ჩუქების “ თაობაზე, ამ დაპირისპირების გაღვივება, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, შეუძლებელს ხდის როგორც ამ პროპაგანდის განეიტრალებას, ისე პარტიის მხრიდან წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისედაც ბევრია ისეთი პარტია, რომელიც ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ისედაც ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს. ევროპულ საქართველოს შეეძლო საზოგადოებისთვის ამ მანკიერი პრაქტიკის ალტერნატივა შეეთავაზებინა. სამწუხაროდ, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არჩეული კურსიდან გადაეხვია და სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები აქ იყოფა. მე ვერ ავიღებ შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე ამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ევროპული საქართველოს თავმჯდომარის პოსტი და შესაბამისად, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა 11 აგვისტოს დანიშნულ პარტიულ ყრილობაზე. ამასთან ერთად, ამ დაპირისპირებამ გამოავლინა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი ჩემს იქამდე უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორთან აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან. შესაბამისად, ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში. პარტიის დღევანდელი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და მათი პოზიციის მხარდამჭერი პარტიის წევრები მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, პარტიის შიგნით დაპირისპირების გაღვივების გარეშე. პასუხისმგებლობა უკვე დიდია, ჩემი როგორც თავმჯდომარის, როცა ამ პროცესამდე მივიდა ყველაფერი და მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დელეგატის, ყველა მხარდამჭერის, და ბოდიშს ვუხდი მათ, რომ ამ მდგომარეიბაში აღმოვჩნდით, მაგრამ როცა უკვე დავინახე ეს მდგომარეობა ჩემთვის მოულოდნელი კონფლიქტისა, ამის შემდეგ პასუხისმგებლობას უკვე ნამდვილად ვეღარ ავიღებ, რომ ეს ხალხი მოვატყუო და მომავალში არც ვიცოდე, ეს პოლიტიკური გუნდი, რომელმაც შეთანხმება დაარღვია, რა ტიპის ფაქტის წინაშე დაგვაყენებს საარჩევნო კამპანიამდე” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ევროპული საქართველოს შიდაპარტიულi პრაიმერიზი 28 ივლისს გაიმართა. მასში მონაწილეობა 1 896-მა დელეგატმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, პრაიმერიზში მონაწილე ორ სიას შორის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: სია N1 – 55% და სია N2 – 45%. ორივე სიის მიერ მიღებული შედეგების პროპორციული განაწილების შედეგად სიის პირველი ნომერი გიგა ბოკერია იყო, მეორე – თამარ ჩერგოლეიშვილი.