„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მცდარი, საქართველოსთვის სახარბიელო სურათი დაუხატეს. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან და ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 30 ივლისის განცხადებაში წერია, რომელიც საზოგადოებას იურისტმა ქეთი ქვარცხავამ გააცნო.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულმა არც ერთმა ქმედებამ არ შეუწყო ხელი ADC-ის, რათა მას ანაკლიის პორტის პროექტი რეალურად განეხორციელებინა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები იმედგაცრუებულნი არიან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ICC-ის გადაწყვეტილებით. მთავრობის დიდი ხნის კამპანია ანაკლიის პორტის თავდაპირველი პროექტისა და ამ პროექტის ინვესტორების წინააღმდეგ საჯაროდ ცნობილია. არბიტრაჟს არ დაუდგენია, რომ კამპანიამ პროექტის წარუმატებლობა გამოიწვია, თუმცა, ADC-ის მიმართ დამდგარი შედეგის მიუხედავად, ჭეშმარიტად სამწუხარო ის გახლავთ, რომ მთავრობის ამ ქმედებებმა შედეგად გამოიწვია პროექტის განვითარების წლობით დაყოვნება, ათობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა, მილიონობით მიუღებელი გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში და მისაღები შემოსავალი, რითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებელს მიიღებდნენ.
ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღნიშნულიდან არაფერს ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გამარჯვებად მიიჩნევს, იგი არ შეიძლება, გამარჯვებულად ჩაითვალოს. გადაწყვეტილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება არ შეასრულა. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან და ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის. სამწუხაროდ, მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მცდარი, საქართველოსთვის სახარბიელო სურათი დაუხატეს. აღნიშნული კი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სინამდვილეში, ეს იყო მწვავე დავა, რომელიც გადაწყდა „ორი არბიტრი ერთის წინააღმდეგ“ და ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ADC-ის მიერ დაყენებულმა მოთხოვნებმა მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით მნიშვნელო9ვანი საკითხები წამოჭრა და გააჩინა ლეგიტიმური კითხვები რეალური სურათის აღსაქმელად:
· სამი არბიტრიდან ერთ-ერმა დაწერა განსხვავებული აზრი ADC-ის სასარგებლოდ. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ტრიბუნალმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის სასარგებლოდ.
· მინისტრმა რატი ბრეგაძემ არასწორად აღნიშნა, რომ ADC-ის მოთხოვნა შეადგენს მილიარდ-ნახევარ დოლარს. რეალურად, მოთხოვნა აღნიშნული თანხის მესამედზე ნაკლები იყო.
· მთავრობას ADC-ის წინააღმდეგ დაყენებულ ყველა მოთხოვნაზე ერთხმად ეთქვა უარი.
· მთავრობის სასარგებლოდ არ მომხდარა ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ ADC-ის დაევალა ტრიბუნალისა და საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება, საქართველოს მოთხოვნა, ADC-ის აენაზღაურებინა სახელმწიფოს მიერ გაწეული საგულისხმო ოდენობის სამართლებრივი და სხვა სახის ხარჯები არბიტრაჟთან დაკავშირებული, არ დაკმაყოფილდა.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულმა არც ერთმა ქმედებამ არ შეუწყო ხელი ADC-ის, რათა მას ანაკლიის პორტის პროექტი რეალურად განეხორციელებინა. უმრავლესობის გადაწყვეტილების რეალური საფუძველი გახლდათ ის, რომ მთავრობის ქმედებების მიუხედავად, ADC-იმ აიღო რისკი იმისა, რომ მთავრობა ძირს გამოუთხრიდა ამ პროექტს. ხელშეკრულება არ გვაძლევდა რაიმე სახის გარანტიას აღნიშნულის წინააღმდეგ და გადაწყვეტილებით არ მომხდარა იმის უარყოფა, რომ მთავრობამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პროექტისთვის სახარბიელო იყო. გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფაქტს ადგენს, რომ ADC-იმ აიღო ის რისკი, რომ მთავრობა არ იქნებოდა ანაკლიის პროექტის მხარდამჭერი და ამის ნაცვლად მოახდენდა ს მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი კატეგორიულად არ ეთანხმება ამ პოზიციას და ამბობს, რომ მთავრობამ დაარღვია კეთილსინდისიერი ვალდებულება.
სამწუხაროდ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საინვესტიციო ხელშეკრულების იმ განმარტებით, რაც ტრიბუნალის უმრავლესობამ დაადგინა, მთავრობა არ იყო ვალდებული, მხარი დაეჭირა პროექტისთვის, ასე რომ, ამ ვიწრო სამართლებრივ ხედვაში ჩვენ საქმე „წავაგეთ,“ მაგრამ, რეალურად, წაგებული, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არის საქართველოს მოსახლეობა, რადგან მთავრობა არ განახორციელებს პროექტს იმგვარად, როგორც ამას საქართველოს მოსახლეობას თავდაპირველად დაჰპირდნენ. აღნიშნულმა საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა ათი ათასობით სამუშაო ადგილი, ეკონომიკური შესაძლებლობები და რეგიონულ-გლობალურ ეკონომიკაში სათანადო სტატუსი.
მთავრობას ჯერ კიდევ არ განუხორციელებია ანაკლიის პროექტი, მიუხედავად მრავალი დაპირებისა, ტენდერის გამოცხადებიდან ოთხ ნახევარი წლის შემდეგ. პროექტი ჯერ კიდევ არ არსებობს. ღია კითხვად რჩება, ანაკლიის პროექტის მიმართ ხელისუფლების ქმედებამ გამოიწვია თუ არა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების დარღვევა. ეს საკითხი გადაწყდება ცალკეულ საარბიტრაჟო განხილვაში, რომელიც ADC-ის ერთ-ერთმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა ჰოლანდია-საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების ფარგლებში წამოიწყო და რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს“ , – ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში.