ვახტანგ მეგრელიშვილი – „ქართული ოცნების“ მიერ მექანიკურად დასახელებული ციფრი, თუ რამდენ არასამთავრობო ორგანიზაციას არა აქვს ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული, ჩემთვის არგუმენტი არ არის

„ქართული ოცნების“ მიერ მექანიკურად დასახელებული ციფრი, თუ რამდენ არასამთავრობო ორგანიზაციას არა აქვს ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული, ჩემთვის არგუმენტი არ არის – როცა საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე, ეს ქართული ჯიშის ღორის გამრავლების ან ძაღლების კეთილდღეობის პროექტებს არ უნდა ეხებოდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა.
მეგრელიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი “ანტიდასავლური”, “ანტიამერიკული” კანონია, რომელიც მიმართულია მტრების წინააღმდეგ.
მეგრელიშვილის თქმით, კანონი კავშირში არ არის იმასთან, თუ რა ინფორმაციას ასაჯაროებს ან არ ასაჯაროებს არასამთავრობო სექტორი მის დაფინანსებაზე.
“ის, რომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ინფორმაცია გასაჯაროებული არა აქვს, ამას რაციონალური ახსნა გააჩნია. თუ ვინმე სოფლის მეურნეობისთვის ან ძაღლების კეთილდღეობისთვის იღებს გრანტს და მას პოლიტიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი პროექტებისთვის ინფორმაციის გასაჯაროება ზედმეტი ტვირთია.
ის, რომ ამდენი ხანი გავიდა, კანონის მიმართ საზოგადოების აზრი ჩამოყალიბდა, მაგრამ “ქართული ოცნება” არ ეშვება იმის მტკიცებას, რომ მის მიერ მიღებული კანონი ანტიდასავლური და ანტიამერიკულია, თავად “ქართული ოცნების” პრობლემაზე მიუთითებს, ვიდრე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემაზე, ვისაც ვებგვერდები არა აქვს”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა, Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი

ირაკლი კირცხალია გიორგი შარაშიძეს – როცა აქ შემოხვედით, გითხარით – „მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ახლა მოგიწევთ გაეცნოთ ქცევის წესებს – აუცილებლად დაგეხმარებით, რომ კულტურულად მოიქცეთ, ამის პირობას გაძლევთ