„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

დღეს, 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. სარჩელს პარლამენტის 38 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.
„ჩვენ ვთვლით, რომ რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ამაზე ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, – უთხრა სარჩელის შეტანის დროს ჟურნალისტებს დეპუტატმა თამარ კორძაიამ, რომელიც მომდევნო არჩევნებში „ერთიანობის“ კოალიციით იყრის კენჭს.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამ საკონსტიტუციო სარჩელით ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და რამდენიმე ოპოზიციონერის მხარდაჭერით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციას გულისხმობს. საწყის ეტაპზე ოპოზიცია ითხოვს, სარჩელის განხილვების დასრულებამდე შეჩერდეს კანონის მოქმედება.
„აგენტების კანონთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ორი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტმა შეიტანა, მეორე კი იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, -მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ