„დიდი ოცეულის” ქვეყნების ფინანსთა მინისტრები რიო-დე-ჟანეიროში არიან შეკრებილები, სადაც ორდღიან შეხვედრას მართავენ სუპერ მდიდარი ადამიანებისთვის გლობალური გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით.
განსახილველი ინიციატივის თანახმად, პირებს, რომელთა ქონება 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, თავიანთი ქონების 2%-ის გადახდა მოუწევთ.
როგორც ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა, ფერნანდო ჰადადმა განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. კონკრეტულად რა ჩაიწერება საბოლოო დეკლარაციაში ორდღიანი დისკუსიის დასასრულს, დღეს გახდება ცნობილი.
ცნობილია, რომ “დიდი ოცეულის” ქვეყნებიდან, საფრანგეთი, ესპანეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მხარს უჭერენ სუპერმდიდრებისთვის გლობალური გადასახადის დაწესებას, ხოლო აშშ – არა. როგორც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, ვაშინგტონი ამ ინიციატივით მოხიბლული არაა.
„საგადასახადო პოლიტიკის კოორდინაცია ძალიან რთულია გლობალურად და ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებლობას ან ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ სასურველია ამაზე გლობალური შეთანხმება“, – თქვა იელენმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ „მტკიცედ უჭერს მხარს პროგრესულ დაბეგვრას”.
ცნობისთვის, ფრანგი ეკონომისტის, გაბრიელ ზაკმენის ანგარიშის თანახმად, ამჟამად მილიარდერებს გადასახადების სახით, თავიანთი ქონების დაახლოებით 0.3%-ის გადახდა უწევთ. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გლობალური გადასახადის დაწესება 3000 სუპერმდიდარი ადამიანის გადასახადებიდან წლის განმავლობაში დაახლოებით 250 მლრდ დოლარის მობილიზების შესაძლებლობას გააჩენს. ინიციატივის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მოზიდული თანხა მათ სიღარიბის პრობლემის შემსუბუქებაში დაეხმარებათ.
bm.ge