წყნეთში საგზაო სამუშაოები ხორციელდება. ამ დროისთვის გზის დაზიანებული საფარის განახლება დადიანისა და ევროპის ქუჩებზე მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მთლიანობაში, სარეაბილიტაციო არეალი 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან და პარლამენტის დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.
„მიუხედავად იმისა, რომ ასფალტის საფარი წყნეთში უკვე ათეულობით ქუჩაზე მოწესრიგდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განვაგრძობთ. რაიონში ჯერ კიდევ რჩება ისეთი ქუჩები, სადაც საგზაო სამუშაოების ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენს, რათა მოქალაქეებს კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ამჟამად, რეაბილიტაცია მიმდინარეობს დადიანისა და ევროპის ქუჩებზე, ეტაპობრივად კი დანარჩენ პრობლემურ საგზაო მონაკვეთებსაც მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.
აღსანიშნავია, რომ წყნეთში, ასფალტის საფარის განახლებასთან ერთად, რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელებიც.