პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა თელავის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულზე

24 ივლისს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტში ორი კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდება 32 წლის კაცს წარუდგინა.
მას დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გამოცხადდა მისი ძებნა. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, პროკურატურის განცხადებაში აღნიშნული არ არის ძებნილის სახელი და გვარი. რადიო თავისუფლება ამ საკითხზე პროკურატურის პრესცენტრს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
რაც შეეხება მკვლელობების ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 24 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც