ბანკებს ყველაზე მეტი სესხი ვაჭრობის სექტორზე, ყველაზე ნაკლები კი განათლების სექტორზე აქვთ გაცემული

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.36 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.21%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.55 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.05%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94%-ით მეტი).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისის მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობის სესხი ვაჭრობის სექტორზე გაიცა, რომელმაც 5.652 მლრდ ლარი შეადგინა,
მეორე ადგილზე მშენებლობის სექტორია, რომელზედაც 5.404 მლრდ ლარის სესხი გაიცა.
მესამე ადგილზე კი მრეწველობის სექტორია, კომერციულმა ბანკებმა ამ სექტორზე 4.704 მლრდ ლარის სესხი გასცეს.
ყველაზე ნაკლები სესხი კი ბანკებმა განათლების სექტორზე გასცეს, რომელმაც 354 მლნ ლარი შეადგინა.