წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ აუქციონზე კიდევ ერთხელ იყიდება

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ სახელმწიფომ აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა გასაყიდად.
სანატორიუმი „რკინიგზელის“ საწყისი ფასი არ შეცვლილა და ის 5 135 000 ლარია.
„იყიდება წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N51-ში არსებული 33000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 5 135 000 ლარად. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი 21 ივლისს დასრულდება“, – ნათქვამია აუქციონის აღწერაში.
სანატორიუმი „იმერეთის“ საწყისი ფასიც უცვლელია და 3 124 500 ლარს შეადგენს.
„პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“. აღნიშნული სანატორიუმის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 3 124 500 ლარია. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, რისთვისაც 9 373 500 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“, – ნათქვამია ქონების აღწერაში.
ორივე აუქციონი 5 აგვისტოს დასრულდება.
ცნობისთვის, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში, 2022 წელს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესსექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს იყო. დღეის მდგომარეობით, პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 16,265,300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.