რა ეღირება წელს თხილი?

საქართველოში თხილის მოსავლის აღება იწყება. BMG დარგის წარმომადგენლებს წინასწარ პროგნოზებზე ესაუბრა. როგორც ისინი აღნიშნავენ, 2024 წლის სეზონი გასულ 2023 წელთან შედარებით უკეთესი იქნება, რაც როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ მაჩვენებელსაც მოიაზრებს.
მათივე ცნობით, საბოლოო შედეგი კლიმატურ პირობებზე, ფერმერების მხრიდან მოსავლის დროულად აღებასა და სწორი ტექნიკით გაშრობაზეა დამოკიდებული.
“ზოგიერთ ბაღში კრეფა უკვე დაწყებულია, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობებით. პირველი აგვისტოდან უფრო აქტიური კრეფა დაიწყება და ხარისხზე საუბარიც უფრო მარტივი გახდება. თუმცა, პირველადი შეფასებით, ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებული იქნება და იმედი გვაქვს, რომ ამინდიც შეგვიწყობს ხელს კრეფის პროცესში. წელს, დაახლოებით 50 000 ტონა თხილს ველოდებით”, – ამბობს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ქარდავა.
მაღალ ხარისხსა და გაზრდილ მოცულობას BMG-სთან საუბრისას საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავაც პროგნოზირებს, – “წინა წელთან შედარებით 10-15%-იან ზრდას ველოდებით. რაც შეეხება მოსავლის ხარისხს – ძალიან იმედიანად ვართ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის, რომ იმ ფერმერბმა, რომლებმაც წამლობის პროცესი ჩაატარეს, მოსავალი დროულად აიღონ და გააშრონ”, – აცხადებს ის.
რაც შეეხება საფასურს – ლევან ქარდავა აღნიშნავს, რომ ქართული თხილის ფასი ძირითადად თურქული თხილის ფასზეა მიბმული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წელს თურქეთი დიდი რაოდენობის მოსავალს ელოდება, ბაზარზე დეფიციტის შექმნის პროგნოზი არ არსებობს, შესაბამისად, მას იმედი აქვს, რომ ქართული თხილის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება.
ვრცლად bm.ge