„Smart Farming ზრდის სამუშაოს ხარისხს და ამცირებს ბუნებრივი რესურსების მოხმარებას“ – ვლადისლავ სრიბნი, CLAAS-ის წარმომადგენელი

თანამედროვე ტექნიკა და ჭკვიანი მოწყობილობები განსაკუთრებულ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ გარეშე ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და გლობალური გამოწვევების დაძლევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ტექნოლოგიებისა და Smart Farming-ის ანუ „ჭკვიანი აგრომეურნეობის“ მნიშვნელობას ხაზს უსვამს CLAAS-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ექსპორტის მენეჯერი, ვლადისლავ სრიბნიც.
„ინოვაციური აგროტექნიკა და Smart Farming ზრდის სამუშაოს ხარისხს და ამცირებს ბუნებრივი რესურსების მოხმარებას, რადგან ეს მიდგომა ფერმერს სხვადასხვა ოპერაციის სწორად შესრულებაში ეხმარება. საბოლოოდ კი, სასიკეთო შედეგებს ვიღებთ ხანგრძლივ პერსპექტივაში. ტექნოლოგიების კიდევ ერთი უპირატესობა პროცესების აჩქარება და ავტომატიზაციაა, რაც ფერმერს უზოგავს დროს, ენერგიასა და, შესაბამისად, ფინანსებს.
ვფიქრობ, მწარმოებლები „ჭკვიანი აგრომეურნეობის“ განვითარებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, თანამედროვე ფერმერი კი უნდა ადაპტირდეს ამ ახალ პრინციპებზე, თუკი სურს, მიიღოს მისთვის სასურველი შედეგი“.
CLAAS გერმანული კომპანიაა, რომელიც 110 წელია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი რევოლუციური ტექნოლოგია შექმნა. მისი უახლესი პროდუქტები – ჭკვიანი მოწყობილობებით აღჭურვილი მარცვლეულის კომბაინი Evion და ტრაქტორი Xerion 12, რომლებიც CLAAS-მა რამდენიმე თვის წინ წარუდგინა მომხმარებლებს, უკვე აღიარეს ინოვაციად და ახალ ეტაპად სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სფეროში.