სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას აუქციონზე ფასდაკლებით ყიდის – რის აშენებას სთავაზობს მთავრობა ინვესტორს

ტაბახმელაში, კვინიტაძის ქუჩაზე სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მეორე ჯერზე დაკლებული ფასით 10 256 250 ლარად ყიდის.
ქონების ეროვნული სააგენტომ აუქციონზე ობიექტი პირველად მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოიტანა და მისი საწყისი ღირებულება 13 675 000 ლარი იყო, თუმცა აუქციონი ჩაიშალა. 1-ელ აგვისტოს კი მეორე აუქციონი გაიმართება. ქონება 84 926 ათას კვ.მ.-ის ფართობისაა.
გამოცხადებულ აუქციონს თან ერთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წერილი, სადაც განმარტებულია, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენგეგმის რუკის მიხედვით, მითითებულ ტერიტორიის ნაწილზე საცხოვრებელი ზონა 1 დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა ვრცელდება, რომელიც მხოლოდ არსებულ/დაგეგმილ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არასასოფლო-სამეურნეო ან/და საკარმიდამო გამოყენების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს მოიცავს. ამავე გენგეგმით ნაწილზე სარეკრეაციო ზონა ვრცელდება, რომელიც მოიცავს ბაღს, ბულვარს, სკვერს, გაზონს და მასზე დაუშვებელია მშენებლობები, განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, საპარკო სკამის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის, კიბეების, საფეხმავლო გზების ან/და ბილიკების გარდა.
„ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, სააგენტოს შესაძლებლად მიაჩნია მითითებული მიწის ნაკვეთის განკარგვა, საცხოვრებელი ზონა 1 ფარგლებში“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ასევე დაგაინტერესებთ