ფინეთი რუსეთიდან შემავალი ვიზიტორებისთვის საზღვარს ხურავს. საზღვარი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება დაკეტილი იმისთვის, რომ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა უჩვეულოდ დიდი ნაკადი შეიზღუდოს. ფინეთის მთავრობა და მისი მოკავშირეები ამბობენ, რომ ლტოლვილთა ნაკადის ორგანიზება მოსკოვის ინიციატივაა.
გასულ კვირას ფინეთმა რუსეთიდან შესული მოგზაურებისთვის ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტი დახურა. ღია იყო მხოლოდ ყველაზე ჩრდილოეთით, არქტიკაში მდებარე გადასასვლელი. მთავრობის თქმით, ეს სასაზღვრო პუნქტიც დაიხურება.
თავშესაფრის დაახლოებით 900 მაძიებელი, მათ შორის კენიიდან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან, სირიიდან და იემენიდან, ნოემბერში ფინეთში რუსეთის გავლით შევიდა. ფინეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ცნობით, იმ დრომდე მსგავსი შემთხვევები დღეში ერთი ან – საერთოდ არ ფიქსირდებოდა.
ფინეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, რვავე სასაზღვრო გადასასვლელის დაკეტვის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის გავლა მხოლოდ სატვირთო მატარებლებს შეუძლიათ.
ჰელსინკი ამბობს, რომ მოსკოვს ხალხი საზღვრისკენ სპეციალურად მიჰყავს. ეს მას შემდეგ, რაც ფინეთმა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა გააღრმავა. ამ ბრალდებებს კრემლი უარყოფს. რუსეთის განსაკუთრებული გაღიზიანება ამ წლის დასაწყისში, ფინეთის ნატოში გაწევრიანებამ გამოიწვია. ამით ათწლეულების განმავლობაში მოქმედი სამხედრო ნეიტრალიტეტი დასრულდა.
“ეს არის რუსეთის გავლენის ოპერაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ პრესკონფერენციაზე. ორშაბათს მან ისიც განმარტა, რომ მის ქვეყანას ჰქონდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ეხმარება თავშესაფრის მაძიებლებს და რომ მიუხედავად ფინეთის საზღვრის დაკეტვისა, რუსეთში ფინეთისკენ მიმავალი კიდევ უფრო მეტი ადამიანია.