ისრაელის სამხედროებმა ორშაბათს განკარგულება გასცეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს ღაზის სექტორის იმ არეალის ნაწილიდან, რომელიც ჰუმანიტარულ ზონად არის გამოცხადებული.
არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგეგმება ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც ამ არეალში არის გამაგრებული და მას იყენებს ისრაელის წინააღმდეგ რაკეტების გასაშვებად. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
არეალი, საიდანაც უნდა განხორციელდეს ევაკუაცია, მოიცავს ალ-მავასის ჰუმანიტარული ზონის ნაწილს, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარეობს.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო კამპანია დაიწყო, მრავალი პალესტინელი რამდენჯერმე გახდა იძულებული, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი და ადგილნაცვალ პირად ქცეულიყო.
მიმდინარე თვის დამდეგს ისრაელმა განაცხადა, რომ, მისი ვარაუდით, მინიმუმ მილიონი პალესტინელი იმყოფება მის მიერ გამოცხადებულ ჰუმანიტარულ ზონაში. ეს ზონა მოიცავს დაახლოებით 14-კილომეტრიან მონაკვეთს ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ. გაეროსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანახმად, არეალის უდიდესი ნაწილი უკავიათ კარვების ბანაკებს, რომელთაც არ მოეპოვებათ სანიტარული და სამედიცინო ობიექტები. ოჯახები ცხოვრობენ ნაგვის გორებსა და წყლის რუებს შორის, რომლებშიც ფეკალიები ჩაედინება.
ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ის შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც კვირას გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. დაგეგმილია ასევე ნეთანიაჰუს გამოსვლა კონგრესის წინაშე.
ნეთანიაჰუს თქმით, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, „ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები ერთად იდგებიან ხვალ და ყოველთვის“. მისი თქმით, ის მადლობას გადაუხდის ბაიდენს 40 წელზე უფრო ხანგრძლივი მეგობრობისთვის, ასევე შეეცდება მას გარკვეულ საკითხებში მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდოს.