ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს უკვე ყოფილი წევრი, რუსუდან ცირეკიძე, ენმ–ის დღევანდელ ბრიფინგამდე, რომლის დროსაც, ენმ–ის პოლიტსაბჭოს გაფართოება დაანონსდა, წერდა:
“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ენმ თავმჯდომარე აპირებს ჩაატაროს ბრიფინგი, სადაც ენმ პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრებს, იმ ადამიანებს, ვინც დაასახელა მიხეილ სააკაშვილმა, შესთავაზებენ პოლიტსაბჭოში “დაბრუნებას”.
მათ შორის ვარ მეც, რუსუდან ცირეკიძე. (ენმ პოლიტსაბჭოს წევრად 2017 წელს ამირჩია 10 000 მდე დეპუტატისგან შემდგარმა ყრილობამ პირადად მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით). მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის დიდი პატივია მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩემი გვარის დასახელება, საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ მე ამ შეთავაზებაზე უარს ვამბობ. ———————- მერწმუნეთ არაა ადვილი, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანს, შენს ლიდერს, შენი პრეზიდენტს ასეთ ნდობაზე უარს ეუბნები. ვრცლად ჩემი უარის მიზეზებზე, (და ეს მიზეზები ძალიან სერიოზულია), მომდევნო დღეებში აუცილებლად მოგახსენებთ, მოკლედ კი – ვერ ვიმუშავებ და ვიბრძოლებ იმ ადამიანების დიდ ნაწილთან ერთად, ვინც დღეს პარტიას მართავს, ვერ შევეგუები იმ არადემოკრატიული, მახინჯი პროცესების შედეგებს, რაც დაიწყო შარშან არჩევნების შემდეგ თითქმის მაშინვე. (პოლიტსაბჭოში რამდენიმე ადამიანის ” დაბრუნება” ამ რეალობას ვერ შეცვლის.). აღარ მჯერა, რომ საერთო მიზნები გვაქვს. ღირებულებითი აცდენა, მეტიც, უფსკრულია ჩვენს შორის, სამწუხაროდ.