აზიის განვითარების ბანკი საქართველოში განვითარების დახმარების გაძლიერებას და დივერსიფიკაციას გეგმავს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ADB გეგმავს გაზარდოს საქართველოს განვითარების დახმარება უფრო დივერსიფიცირებული მიდგომებით.
ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
„ADB ამაყობს, რომ დახმარებას უწევს საქართველოს მნიშვნელოვანი პროექტებისა და სტრატეგიული რეფორმების განხორციელებაში, რომელიც გააღრმავებს კაპიტალის ბაზრებს, გარდაქმნის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ საწარმოებს, გაზრდის ადამიანურ კაპიტალს, და გააუმჯობესებს კლიმატის მიმართ მდგრადობას“, – განაცხადა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა ასაკავამ.
აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა მთავრობის ამბიციური პროგრამები წყლისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის საუკუნის პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფანი.
„ეს პროექტები საქართველოს ეხმარება მაქსიმალურად გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა და ჩამოყალიბდეს ტრანსპორტისა და ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად. პრეზიდენტმა ასაკავამ აღნიშნა საქართველოს აქტიური როლი რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (კარეკი) პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ქვეყნებისა და განვითარების პარტნიორების თანამშრომლობას მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.
რადგან ბანკი საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ფაზაში შედის, ADB მუშაობს განვითარების არეალების გასაფართოებლად. ეს მოიცავს ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას. ასევე ბანკი მთავრობასთან ინოვაციური ენერგიის სააკუმულატორო ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.
როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკი, ADB ასევე მზადაა საქართველოს დაეხმაროს მწვანე და ინტეგრირებულ ეკონომიკაზე გადასვლასა და საზოგადოების უფრო მედეგ და ინკლუზიურ განვითარებაში. ეს თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 2030 ხედვასთან, კლიმატის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან.
პრეზიდენტი ასაკავა ასევე შეხვდება ვიცე-პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, ფინანსთა მინისტრსა და საქართველოს წარმომადგენელს ADB-ს მმართველთა საბჭოში ლაშა ხუციშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს, და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს.
ხვალ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ლევან დავითაშვილთან და ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად კარეკის 22-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში პირველად ტარდება. თბილისი ასევე უმასპინძლებს ADB-ს წლიურ შეხვედრას 2024 წლის მაისში.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების ჯამური ოდენობა 4.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მინდა ივანიშვილს ვკითხო: სად არის დანგრეული, შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი? სად არის გავერანებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს? – უკრაინის პლაკატების ჩვენება არის საქართველოს სამარცხვინო ისტორია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს