რუსეთის სამხედრო უწყება მოიერიშე რაზმებისთვის ქალების გადაბირებას ახდენს – „ვაჟნიე ისტორიი“

რუსული სამხედრო ფორმირება “ესპანოლა”, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი კერძო სამხედრო კომპანია „რედუტის” ნაწილია, ქირაობს ქალებს არა მხოლოდ სნაიპერთა, მეკავშირეთა და მედიკოსთა, არამედ მოიერიშე რაზმებისთვის. მათ ასევე სთავაზობენ კონტაქტებს ის ქვედანაყოფები, რომლებიც დაკავშირებულია რადიოელექტრონულ ბრძოლასა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებასთან.
ამის შესახებ წერს საგამოძიებო პროექტი „ვაჟნიე ისტორიი“.
გამოცემამ ყურადღება მიაქცია „ესპანოლის“ ტელეგრამის არხში, დაქირავებული სამხედრო მოსამსახურე ქალის დაჯილდოების შესახებ, მიმდინარე წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატუსს. პუბლიკაციის თანახმად, მებრძოლი მეტსახელით „გროზა“, ში, კერძოდ ბახმუტში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დანაყოფ „ესპანოლის“ შემადგენლობაში, „სპეცდაზვერვის ჯგუფში“ იმყოფებოდა და ცეცხლის კორექტირებას ახდენდა.
„ვაჟნიე ისტორიის“ ჟურნალისტის დაუკავშირდა „ესპანოლის“ ტელეგრამის არხის ერთ-ერთ ადმინისტრატორს და უთხრა, რომ სურს იყოს გადაბირებული და აინტერესებს პირობები. პასუხად ადმინისტრატორმა აუწყა, რომ პირველი კონტრაქტი ნახევარ წელიწადს მოიცავს. პირველი ორი თვის განმავლობაში ხდება წვრთნა და დაკომპლექტება. „ამ პერიოდის განმავლობაში ანაზღაურების თანხა 110-120 ათას რუბლს (დაახლოებით $1350-ს) შეადგენს. შემდგომ, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ეს თანხა ორჯერ იზრდება. მეორე კონტრაქტი შესაძლებელია სამი თვიდან, რომელიც ინდივიდუალურად განიხილება. პირველი კონტრაქტის ხელმოწერა ითვალისწინებს 50 ათასი რუბლის გადახდას. დაჭრის შემთხვევაში მოხალისე ქალი 1-დან 3 მილიონამდე რუბლს მიიღებს. ხოლო დაღუპვის შემთხვევაში განკუთვნილ თანხას, 5 მილიონ რუბლს მის ახლობლები მიიღებენ. ეს თანხა არ განსხვავდება დაქირავებული მამაკაცებისთვის განკუთვნილი თანხისგან.
სამხედრო ფორმირება „ესპანოლა”ს ფეხბურთის ფანატების, მათ შორის მემარჯვენე-რადიკალური შეხედულებების მიმდევრების მიერ არის ორგანიზებული. მასში მინიმუმ 150 კაცი შედის. თავდაპირველად „ესპანოლა“ წარმოადგენდა „მოხალისეთა დანაყოფს“, შემდეგ გარკვეული ხნით შეუერთდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, შემდეგ კი კსკ „რედუტის“ დაქვემდებარებაში გადავიდა. რადიო თავისუფლების პროექტ „სისტემის“ გამოძიებით, თავის მხრივ, „რედუტი“ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარ სამმართველოს ექვემდებარება.
უფრო ადრე „ვაჟნიე ისტორიიმ“ გაარკვია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ქალების გადაბირება კერძო სამხედრო კომპანია „რედუტში“ შემავალმა სხვა ბატალიონმა, „ბორზმაც“ დაიწყო. როგორც გამოცემის ჟურნალისტების „ბორზის“ ერთ-ერთმა გადამბირებელმა აცნობა, ბატალიონის შემადგენლობაში ქალების ორი – სნაიპერებისა და უპილოტო მფრინავი აპარატების ოპერატორების- რაზმის შექმნა იგეგმება.