ბიუჯეტი საქართველოს რკინიგზას სამგზავრო გადაყვანების კომპენსირებისთვის 8 მილიონ ლარს გადაუხდის

საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს 8 მილიონ ლარს მიიღებს – ამას ითვალისწინებს რკინიგზასა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს” შორის გაფორმებული შეთანხმება.
რკინიგზა ანაზღაურებას მიიღებს სამგზავრო გადაყვანების სერვისის კომპენსირების სახით, რადანაც ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, დაფინანსება აუცილებელია, რადგანაც სამგზავრო გადაყვანების სეგმენტი კომპანიისთვის ფინანსურად ზარალიანია. აღნიშნული კომპენსაცია სწორედ ამ ზარალის დაფარვას მოხმარდება.
რკინიგზა წლების განმავლობაში მიუთითებს, რომ სამგზავრო გადაყვანების სეგმენტი მისთვის წაგებიანია და ამ მიმართულებით აუცილებელია ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება და სახელმწიფოს მიერ სამგზავრო გადაყვანების კომპენსირების დაწყება.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადი 42%-ით, 2.28 მილიონ მგზავრამდე გაიზარდა, მგზავრებიდან მიღებული შემოსავალი კი 50%-ით 41.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
საქართველოს რკინიგზის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი მილიონი ლარის ზარალი იყო დაკავშირებული გასულ წელს სამგზავრო გადაყვანებთან, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს რკინიგზის ზარალი ამ საქმიანობიდან 7.5 მილიონი ლარი იყო.
BMG-იმ პროექტთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, სადაც განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე თანხა 8 მილიონი ლარი იქნება და ის საქართველოს რკინიგზისთვის სამგზავრო გადაყვანების საჯარო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს.

ასევე დაგაინტერესებთ