„სააკაშვილი თუ ჯანმრთელია, მაშინ საპატიმროში გადაიყვანონ“ – ბექა ლილუაშვილი

„საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილისა და ენმ-ს შესახებ ისაუბრა.
„ნაცმოძრაობაში“ რა ხდება, ეს ზედაპირზე ჩანს – ფორმალურ და არაფორმალურ მმართველობას შორის დაპირისპირებაა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან „ნაცმოძრაობის“ დარეკლამება და სააკაშვილისგან როგორ იქმნება ბუა, რომელიც სასამართლო დარბაზიდან სამთავრობო მედიების საშუალებითაც წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავს და საშუალება აქვს, პარტია მართოს. ეს კაცი ჯანმრთელია? – თუ ჯანმრთელია, მაშინ საპატიმროში გადაიყვანონ. ჯანმრთელი თუ არ არის, მაშინ როგორ, საარჩევნო კამპანიას წარმართავს, პარტიას მართავს და თავმჯდომარეების პარტიიდან გარიცხვა-არგარიცხვას არეგულირებს. შეიძლება, ამ კაცმა ახალი წელი ეთერიდან მოგვილოცოს, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს დაასწროს და გარეთ გამოუშვას. რატომ არის ეს ადამიანი პრივილეგირებულ მდგომარეობაში, სხვა პატიმრების მიმართ ასეთი ლოიალური დამოკიდებულება აქვთ? – ის კონსილიუმი სად წავიდა, რომელიც ამბობდა, რამდენიმე დღე დარჩაო და ის ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილის გარდაცვალებას ყოველდღე აანონსებდა. ჩვენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, დამნაშავეა და რატომ არის პრივილიგირებულ მდგომარეობაში?“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.