ივანიშვილის დავალებით კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა – გახარია რუხაძეზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ირაკლი რუხაძემ ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ ს დავალებით დააყენა.
გახარია ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის მიერ თავისივე ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ კონსტიტუციაში არ უნდა გაკეთებულიყო ევროკავშირში ინტეგრაციაზე ჩანაწერი.
„მინდა შესვლას“ – ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანიას“ ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე, დოგმატურ დონეზე… იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ წერია კონსტიტუციაში… ჯერ რატომ წერია იმ კონსტიტუციაში?! საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავთ, არც უნდა ჩაგვეწერა. რა უნდა ასეთ რამეს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია. კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია.
როცა ევროკავშირზე ვსაუბრობთ, არ ხდება არანაირი გარჩევა, თითქოს ყველაფერი მეათეხარისხოვანია ამ ერთი საკითხის გარდა ქვეყნის მომავლისთვის. ამ არჩევნებზე შევდივართ ისე, რომ არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არაფერზე საუბრობენ, გარდა ევროკავშირის გარშემო. ეს არის უპირობო შესვლა, ნებისმიერ ფასად, არ ხდება გარჩევა, რა მინუსებს და რა პლუსებს მოგვიტანს ევროკავშირი“, – განაცხადა რუხაძემ.
გიორგი გახარიას თქმით, ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის.
„გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ ეს კაცი[ირაკლი რუხაძე] ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია.
ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის“, – დაწერა Facebook-ზე გახარიამ.