ნაკრების წარმატებული თამაშით უნდათ რომ გადაფარონ საქართველოს ჩემპიონატის კატასტროფული დონე და ბოლო ათწლეულში ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასულობით მილიონი ლარის გაფლანვის ფაქტები, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპატატი, რომან გოცირიძე წერს.
მისი თქმით, ეიფორიამ დათვური სამსახური არ უნდა გაგვიწიოს. ქართული ფეხბურთი გადასარჩენია.
„საფეხბურთო ჩინოვნიკების მიერ ნაკრების წარმატებაზე პარაზიტირებამ კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლებს მიგვიყვანოს. თუმცა, იმაზე ცუდი, რაც ახლა ხდება, რა უნდა იყოს.
მრავალი წელია ქართული კლუბები ევროპირველობების პირველივე წრეს ფაქტობრივად ვერ სცდებიან და უსუსტეს გუნდებთან მარცხდებიან. საქართველო უეფას საკლუბო რეიტინგში მაჩანჩალად იქცა და 55 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებს. მას ისეთი „ქვეყანაც” კი უსწრებს, როგორიც ფარერის კუნძულებია (36–ე ადგილი რეიტინგში) და რომლის მოსახლეობა მხოლოდ 53 ათასი კაცია და სადაც ფეხბურთს მოყვარულები თამაშობენ.
საქართველოს ნაკრების წარმატება ბევრი სპეციფიკური, მათ შორის შემთხვევითი გარემოებების შედეგია. გუნდის ყველა წევრი ლეგიონერია. ზოგმა დიდი ხნის წინ, ზოგმაც სულ ახალგაზრდამ მოასწრო აქაურობას გასცლოდა, რომ არ ჩარჩენილიყო იმ წუმპეში, რომელშიც ქართული ფეხბურთია ჩავარდნილი. ორი დღის წინ, როდესაც ჩერნოგორიის ფაქტობრივად სოფლის გუნდთან წააგო თბილისის დინამომ, მათმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ამაყობენ ამ გამარჯვებით, რადგან დაამარცხეს გუნდი, რომლის ბიუჯეტი ასჯერ აღემატება ჩვენსასო. ასეთი მარცხები შემთხვევითი რომ არ არის და ყოველწლიურად ერთსა და იმავე სურათს რომ ვხედავთ, ამაზე პასუხი არავის უგია.
საქართველოს ნაკრებში მიდის თაობათა ცვლა, შიდა ჩემპიონატი კი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მას არ შესწევს უნარი ისეთი ფეხბურთელების გამოზრდის, რომლებიც შეიძლება ლეგიონერები გახდნენ და იქაური გამოცდილებით შეუერთდნენ ნაკრებს.
ისლანდია და ფარერები, სადაც ფეხბურთს მოყვარულები თამაშობდნენ და ნაწილობრივ დღესაც ასეა, როცა ასე გაგასწრებს უზარმაზარი საფეხბურთო ტრადიციის ქვეყანას, უნდა მიხვდე, რომ პრობლემა სისტემაშია და თუ რაიმე ორიგინალურის მოფიქრება არ შეგიძლია, მათ მაინც უნდა მიჰბაძო. ეს აქ არავის უნდა. ისლანდიაში ბიუჯეტის ფულს არ იპარავენ.
ეიფორიამ დათვური სამსახური არ უნდა გაგვიწიოს. ქართული ფეხბურთი გადასარჩენია“, – წერს რომან გოცირიძე.