ორშაბათს მამაკაცმა, რომელსაც ბრალად ედება გასული კვირის უქმეებზე ვერმონტის ქალაქ ბარლინგტონში, პალესტინური წარმოშობის სამი სტუდენტისთვის სროლა და მათი დაჭრა, მკვლელობის მცდელობის ბრალდებასთან დაკავშირებით თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. მოსამართლემ ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
48 წლის ჯეისონ იტონს ბრალი ბარლინგტონის ჩიტენდენის საგრაფოს კრიმინალურ სასამართლოში წარუდგინეს. ბრალდებული სასამართლოს წინაშე ციხიდან, ვიდეო კავშირის მეშვეობით წარსდგა, სადაც ის კვირის შემდეგ იმყოფება.
პოლიციამ განაცხადა, რომ ვერმონტის უდიდესი ქალაქის შუაგულში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ძალადობას, გამომძიებლები განიხილავენ, როგორც სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს.
სასამართლოში წარდგენილი საბრალდებო დოკუმენტების თანახმად, სამი დაჭრილიდან ორმა გაიხსენა, რომ შავ-თეთრი პალესტინური „კეფიე“ ყელსახვევი ეკეთა და ერთმა თქვა, რომ ინგლისური და არაბული ენების ნაზავით საუბრობდნენ, როდესაც მათ შეიარაღებული მამაკაცი დაუპირისპირდა.
ხელისუფლების ცნობით, სამივე მეგობარი 20 წლისაა, რომელთა სახელები სასამართლოს დოკუმენტების თანახმად არის ჰიშამ ავართანი, თასინ ალიაჰმადი და ქინან აბდალჰამიდი. ორშაბათს ისინი სამედიცინო მკურნალობას აგრძელებდნენ.
სამივე დაჭრილი სხვა ქალაქების კოლეჯების სტუდენტია, მაგრამ მადლიერების დღის აღსანიშნად, ბარლინგტონში ავართანისთან და მის ნათესავებთან იმყოფებოდნენ.
პოლიციის თანახმად, იტონი თავისი ბინის წინ სამ მამაკაცთან მივიდა, პისტოლეტი ამოიღო და რამდენიმე ნაბიჯით დაშორებულმა უსიტყვოდ ცეცხლი გაუხსნა. შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა. გამომძიებლებმა თქვეს, რომ მან სულ ოთხჯერ გაისროლა.
იტონი მეორე დღეს, საკუთარ ბინაში დააკავეს.
მას ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობის მცდელობის სამ ეპიზოდში წაუყენეს, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში 20 წლიანი პატიმრობით ისჯება.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბერს დაწყებული სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ, მთელ შეერთებულ შტატებში ანტიისლამური, ანტიარაბული და ანტისემიტური ინციდენტების და მუქარების მკვეთრი ზრდა შეინიშნება.