ქვეყნის 2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარია. სფერო და დარგი არ დარჩენილა, სადაც ბიუჯეტის ზრდა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან მნიშვნელოვანია შევეხოთ ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ პარამეტრებს, რომელიც ბოლო სამი წელიწადია სტაბილურად იზრდება. მხოლოდ წელს ქვეყნის ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდა კონსერვატიულად 5%-ზეა დაგეგმილი. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი წლისთვის 85 მილიარდი ლარი იქნება, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, „საქსტატის“ მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულია და 1 მილიონ 366 ათასამდე გაიზარდა.
„ეს შთამბეჭდავი ციფრები ჩვენთვის ავანსად არავის მოუცია, ეს ყველაფერი არის იმ სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. იმ მიდგომების შედეგი, რომელსაც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჰქვია, რომელსაც ღირსების და სუვერენიტეტის აღქმა ჰქვია. ზუსტად ამ ღირსეულმა, ეროვნულმა და პრაგმატულმა მიდგომებმა მიგვიყვანა იმ დამსახურებულ გადაწყვეტილებამდე, რასაც დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში ყველა ველოდებით. დარწმუნებული ვარ, ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მთელი ქვეყანა ვიზეიმებთ ღირსეულად და ასევე ღირსეულად განვაგრძობთ წინსვლას ჩვენი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.