TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს “სირცვილიას” ოფისზე თავდასხმის დროს, სადარბაზოში ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.
შსს-მ გარდაცვალების შემდეგ, ლექსოს წინააღმდეგ შავი კამპანია აწარმოა და საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა. 17 ივლისს, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს პირი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. დაკავებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.